22
წლის ავსტრალიელი ტურისტი გოგონა, ერინ ლანგუორტი ზიმბაბვეში ყოფნის დროს
საკმაოდ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდა და, სავარაუდოდ, მთელი სიცოცხლის
მანძილზე სამყოფი ადრენალინის მარაგიც დახარჯა.
მან
ატრაქციონში მონაწილეობა გადაწყვიტა, რომელიც ძალიან დიდი სიმაღლის (110
მეტრი) პლატფორმიდან სპეციალური რეზინის გვარლით ვიქტორიას ჩანჩქერთან
მდებარე მდინარე ზამბეზის თავზე ხტომას ითვალისწინებს. გოგონას გადახტომის
ამსახველ კადრებს სამოყვარულო კამერით მისი თანმხლები მამაკაცი იღებდა.
გადახტომის
შემდეგ გვარლი გაწყდა, თუმცა, დაჭიმვის გამო ვარდნის სიჩქარე შემცირდა და
ფეხებშეკრული გოგონა მდინარეში აღმოჩნდა, რომელიც ნიანგებითაა სავსე.
ერინ
ლანგუორტი ასე იხსენებს თავისი ცხოვრების ყველაზე ძნელ წუთებს: „ძალიან
დიდი შოკი იყო. როცა მდინარეში ჩავვარდი, ერთი წუთით ისიც კი მეგონა, რომ
გონება დავკარგე, მაგრამ მოვახერხე, დინებას თავქვე, ცურვით განყოლოდი.
ყველაზე რთული შეკრული ფეხების გახსნა იყო - გვარლი წყალში სულ რაღაცას
ედებოდა. მაგრამ მაინც შევძელი ნაპირამდე მიღწევა, იქ კი უკვე
მელოდებოდნენ".
ინციდენტი ახალი წლის ზღურბლზე მოხდა და ერინმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთი ქალაქის კლინიკაში ერთი კვირა გაატარა.
ზიმბაბვეს
ტურიზმის სამინისტრომ უცხოელების დასამშვიდებლად სპეციალური განცხადება
გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ატრაქციონი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო
გასართობადაა მიჩნეული ზიმბაბვეში და რომ ყოველწლიურად, ყოველგვარი
გართულების გარეშე ამ პლატფორმიდან 50 ათასზე მეტი ტურისტი ხტება.
|